გერმანიის "აღმოსავლეთის პოლიტიკა" და საქართველო: რა გამოცდილება შეიძლება რომ მივიღოთ?

გერმანიის ყოფილი კანცლერი ვილი ბრანდტი და ეგონ ბარი ახლო პოლიტიკური მოკავშირეები და მეგობრები იყვნენ. თავის წიგნში "Das musst Du erzählen" ("ეს შენ უნდა მოჰყვე"), ეგონ ბარი იხსენებს ბრანდტთან ერთად გატარებულ დროს, პირველ რიგში, როგორც სოციალ-დემოკრატიული „აღმოსავლეთის პოლიტიკის“ სულისჩამდგმელი, ხოლო შემდგომ როგორც მთავარი მომლაპარაკებელი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილოლოგის, მაია ფანჯიკიძის ინიციატივით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, წიგნი უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. რატომ ითარგმნა ეს მოგონებები?

ეგონ ბარმა და ვილი ბრანტმა „აღმოსავლეთის პოლიტიკის“  კონცეფციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყეს. მისი ჩამოყალიბება მოხდა არა მარტო ხშირად  ციტირებული ფორმულის "ცვლილება დაახლოების გზით", არამედ, აგრეთვე, რამდენიმე მკაფიო პრინციპის გათვალისწინებით. პირველ რიგში, ბარს სჯეროდა, რომ სტატუს-კვოს დაძლევის პირველი ნაბიჯი მისი აღიარება იქნებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაში აღიარება არ გულისხმობდა თანხმობას, არამედ საკუთარი სიტუაციისა და მოქმედების შესაძლებლობების რეალურ აღქმას. მეორე, იმ დროის პოლიტიკოსებმა იცოდნენ, რომ "ცვლილება" დროსა და მოთმინებას მოითხოვს და მესამე, ისინი ენდობოდნენ "პატარა ნაბიჯების" პოლიტიკას, რაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობდა მათი მიზნების მიღწევას გრძელვადიან პერსპექტივაში.

 ბარის წიგნის კითხვისას, მიუხედავად ყველა განსხვავებისა, თვალსაჩინო ხდება პარალელები 1960-იანი წლების გერმანიასა და დღევანდელ საქართველოს შორის. გერმანია გაყოფილი იყო, დასავლეთ გერმანიის ხელმძღვანელობა არ აღიარებდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, მისი ტერიტორია მოიხსენიებოდა როგორც "საბჭოთა ოკუპაციის ზონა" და დასავლეთ გერმანიის დიპლომატიის მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ შევძლებთ ამ პარალელების გავლებას, მაინც ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა დღეს საქართველოს ისწავლოს რამე 1960-იანი წლების „აღმოსავლეთის პოლიტიკისგან“? ვიმედოვნებთ, რომ ბარის ქართული გამოცემა ხელს შეუწყობს ამ დისკუსიას. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2018 წლის 30 ნოემბერს თბილისში, მწერალთა სახლში წიგნის პრეზენტაციაზე გადაიდგა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თარჯიმანმა მაია ფანჯიკიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კირშმა, პროფესორმა ოლივერ რაისნერმა და ბუნდესტაგის ყოფილმა წევრებმა,  გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) პოლიტიკოსებმა - უტე ფინქ-კრემერმა და კარსტენ ფოგტმა.

ეგონ ბარი, "ეს შენ უნდა მოჰყვე" - მოგონებები ვილი ბრანდტზე

ISBN  978-9941-482-19-9

ფრიდრიხ-ებერტის-ფონდი

თბილისი, 2018

გადმოწერეთ ქართული PDF (7.0 MB)
გადმოწერეთ ქართული E-book (lit.ge)

დასაწყისში