27.05.2025

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი - საარჩევნო კომპასი საქართველო 2024

„საარჩევნო კომპასი – საქართველო“ გვთავაზობს პარტიებისა და ამომრჩევლების პოზიციების დეტალურ სურათს და გვიხასიათებს 2020 და 2024 წლების არჩევნებს შორის მომხდარ ცვლილებებს.

შედეგები მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რომელ პოზიციებს იკავებს ამომრჩეველი მემარცხენე-მემარჯვენე და კონსერვატიულ-ლიბერალურ იდეოლოგიურ ღერძებზე. „საარჩევნო კომპასი“ არა მხოლოდ ხაზს უსვამს ამომრჩეველთა შეხედულებების ფართო თავისებურებებს, არამედ საშუალებას გვაძლევს, შევადაროთ პარტიული პლატფორმები ამომრჩეველთა პრეფერენციებს და გამოვავლინოთ ძირითადი მსგავსება თუ სხვაობა.

მთლიანობაში, „საარჩევნო კომპასის“ მომხმარებლებს აქვთ ზომიერი და გარკვეულწილად მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებები, რომლებშიც ჩანს ეკონომიკაში სახელმწიფოს მეტი ჩართულობის მხარდაჭერა. მართლმსაჯულების, საგარეო და სოციალური პოლიტიკის შეხედულებები შედარებით ლიბერალური ან ცენტრისტულია, ხოლო ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პოზიციები კვლავ მემარცხენე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ეკონომიკური პოზიციები ხშირად ემთხვევა ლიბერალურ სოციალურ დამოკიდებულებებს, პარტიები, როგორიცაა „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, მემარცხენე ეკონომიკურ პლატფორმებს კონსერვატიულ სოციალურ ღირებულებებთან აერთიანებებნ. იმავდროულად, პარტიები, როგორიცაა „ახალი“, „გირჩი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“ საპირისპირო მხარეს იკავებენ და სოციალურად ლიბერალურ პოზიციებთან ერთად მხარს უჭერენ მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკას.

აღსანიშნავია, რომ 32 პოლიტიკური დებულებიდან მხოლოდ ოთხი აჩვენებს პარტიებს შორის სრულ ან ნაწილობრივ თანხვედრას, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად გავრცელებულ ვარაუდს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის იდეოლოგიური პლურალიზმის არარსებობის შესახებ. 2024 წლის არჩევნებმა ასევე გვიჩვენა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ძვრები, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებაში“, რომლის პოზიციებიც სოციო-კულტურული თვალსაზრისით ზომიერიდან უფრო კონსერვატიულში გადაიზარდა.

პირები, რომლებიც მხარს უჭერენ მემარცხენე ეკონომიკურ მიმართულებას, მაგრამ აქვთ კონსერვატიული სოციალური შეხედულებები, უფრო ხშირად ინარჩუნებენ მიუმხრობლობას. უფროსი ასაკის ამომრჩევლები ავლენენ პარტიული კუთვნილების უფრო მაღალ მაჩვენებელს, ხოლო სოციალურად ლიბერალური, პროდასავლური ელექტორატი, როგორც წესი, კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს. რადგანაც „ქართული ოცნება“ „საარჩევნო კომპასის“ მემარცხენე-კონსერვატიულ კვადრანტს იკავებს, შეიძლება ველოდოთ, რომ ის თავისკენ მიიზიდავს მიუმხრობელ ამომრჩევლებს.

2024 წლის 4 ოქტომბრიდან (როდესაც კვლევის ეს ინსტრუმენტი ონლაინ რეჟიმში ამოქმედდა) არჩევნების დღემდე, 33 719 მომხმარებელმა სრულად შეავსო კითხვარი (საერთო ჯამში, 59 000 მომხმარებელმა გამოიყენა ინსტრუმენტი). ეს რიცხვი ბევრად აღემატებოდა 2020 წლის „საარჩევნო კომპასში“ მონაწილეთა რაოდენობას. მონაცემები შეწონილი იქნა 2014 წლის ეროვნული აღწერით მიღებული საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის სხვადასხვა განზომილებას შორის.

დავით კეშელავა, დავით სიჭინავა, თორნიკე სურგულაძე, რატი შუბლაძე
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თბილისი 2025


ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სამხრეთ კავკასიის ოფისი

საქართველოს ოფისი
ნ. რამიშვილის 1 ჩიხი, სახლი 1, ბინა 7
0179, თბილისი
საქართველო
+995 32 225 07 28
georgia(at)fes.de

სომხეთის ოფისი
მოსკოვიანის ქ. 31, 76/1
0002, ერევანი
სომხეთი
+374 10 53 69 13
+374 10 53 26 97
armenia(at)fes.de